2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი
2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2021 წლის 5 აგვისტოს N012036/21 ბრძანების შესაბამისად (იხ. https://monitoring.acb.gov.ge/ka/about/legal-acts),
- საარჩევნო სუბიექტი (პარტია, საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტების, ფონდის მმართველისა და ბუღალტრის შესახებ;
- პოლიტიკური პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი;
- ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი ან ისარგებლოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდგომ გახსნილი, დამოუკიდებელ კანდიდატად წარსადგენი პირის პირადი ანგარიშით.
საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წარმოადგინოს საარჩევნო პერიოდის ფინანსური ანგარიშები შემდეგი გრაფიკით:
- ინფორმაცია მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით − 26 აგვისტომდე;
- ინფორმაცია 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით − 16 სექტემბრამდე;
- ინფორმაცია 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით − 7 ოქტომბრამდე;
- ინფორმაცია 2 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით − 14 ოქტომბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
- 2 აგვისტოდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია − შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
- მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე − პირველი ტურის კენჭისყრის დღის (2 ოქტომბერი) შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
- 2 აგვისტოდან არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია − შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).
ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე documents@sao.ge და ელექტრონული ფორმით (Excel) - ელექტრონული ფოსტის მისამართზე – monitoring@sao.ge
ანგარიშგების ფორმები და განცხადების ნიმუშები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე − www.monitoring.acb.gov.ge -> დეკლარაციები -> დეკლარაციის ფორმები და განცხადების ნიმუშები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასევე წარედგინება ინფორმაცია შემდეგი პერიოდულობით:
- ინფორმაცია შემოწირულებების/საწევრო შენატანების შესახებ − 5 სამუშაო დღის ვადაში;
- ინფორმაცია ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ საარჩევნო პერიოდში − 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად;
- ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის შესახებ საარჩევნო პერიოდში − 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
მონიტორინგის დეპარტამენტი (995 32) 243-81-54; 243-81-53
ელ. ფოსტა: monitoring@sao.ge
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მისამართი: documents@sao.ge
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96 ტელ.: (99532) 243-84-38.