არჩევნები

საარჩევნო კამპანიის ხარჯების რეგულირებასთან დაკავშირებით, მათი კანონიერებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმები გამოიყენება საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ერთად.

 

პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.

 

განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ფიზიკურ პირზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან ერთად ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დამოუკიდებელი კანდიდატისთვის დადგენილი ნორმები.

 

  • საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:

ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან;

ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

  • საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.
  • საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო  ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
  • დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.

 

საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში სსიპ-ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს N 4 ბრძანებით დადგენილი პერიოდულობით.