2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი
2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნების საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2021 წლის 5 აგვისტოს N012036/21 ბრძანების შესაბამისად (იხ. https://monitoring.acb.gov.ge/ka/about/legal-acts),
- საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (მმართველი და ბუღალტერი) საკონტაქტო მონაცემებს.
- პოლიტიკური პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი;
- თუ პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პარტიის ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
- ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი ან ისარგებლოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდგომ გახსნილი, დამოუკიდებელ კანდიდატად წარსადგენი პირის პირადი ანგარიშით.
საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წარმოადგინოს საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშები შემდეგი გრაფიკით:
- ინფორმაცია 2022 წლის 1 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით − 25 თებერვლამდე;
- ინფორმაცია 2022 წლის 22 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით − 18 მარტამდე;
- ინფორმაცია 2022 წლის 15 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით − 7 აპრილამდე;
- ინფორმაცია 2022 წლის 1 თებერვლიდან 2 აპრილის ჩათვლით − 14 აპრილამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა);
- ინფორმაცია 2022 წლის 1 თებერვლიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე − შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
- პირველი ტურის კენჭისყრის დღის (2 აპრილი) შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში - მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა);
- ინფორმაცია 2022 წლის 1 თებერვლიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა).
ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე documents@sao.ge და ელექტრონული ფორმით (Excel) - ელექტრონული ფოსტის მისამართზე – monitoring@sao.ge
ანგარიშგების ფორმები და განცხადების ნიმუშები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე − www.monitoring.acb.gov.ge -> დეკლარაციები -> დეკლარაციის ფორმები და განცხადების ნიმუშები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასევე წარედგინება ინფორმაცია შემდეგი პერიოდულობით:
- ინფორმაცია შემოწირულების მიღების, საწევრო შენატანების განხორციელების შესახებ − 5 სამუშაო დღის ვადაში;
- ინფორმაცია ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ საარჩევნო პერიოდში − 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად;
- ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის შესახებ საარჩევნო პერიოდში − 3-კვირიან ფინანსურ ანგარიშთან ერთად.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი
ტელ.: (+995 32) 243-81-54; 243-81-53
ელ. ფოსტა: monitoring@sao.ge
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96.