პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ევროპის საბჭოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, საერთაშორისო, არასამთავრო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ასპექტები გააცნო.
პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს:
- ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით გარიგების დადება, თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს, იწვევდა პარტიის ან პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ნორმა ამოღებულ იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან და გადავიდა სისხლის სამართლის კოდექსში და ისჯება ჯარიმით;
- პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროების ვადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განისაზღვრა ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღით;
- შემომწირველი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან;
- შემოწირულების დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელებას დაემატა რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად ან სხვა პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით გაწეული ხარჯის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით განხორციელება, რაც გამოიწვევს აღნიშნული ხარჯის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას გაწეული ხარჯის ორმაგი ოდენობით;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობას დაემატა ახალი სანქცია - გაფრთხილება;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლება მიეცა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესში გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ახალი ვერსიით პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს ცესკოს. ძველი რედაქციით კი დაფინანსებას გასცემდა ცესკო, ამასთან პარტიას დაფინანსების მიღების შესახებ თანხმობა უნდა განეცხადებინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;
- მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესული ცვლილებით დადგინდა, რომ საჯაროა შემომწირველი ფიზიკური პირის მხოლოდ სახელი, გვარი, პირადი ნომერი. ძველი რედაქციით ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად საჯარო იყო რეგისტრაციის ადგილიც.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია, რომელიც ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ვებპლატფორმა საშუალებას აძლევს არჩევნებით დაინტერესებულ მხარეებს და ფართო საზოგადოებას ჰქონდეს უკეთესი წვდომა პოლიტიკური ფინანსების კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
ღონისძიება მხარდაჭერილია ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიერ.