ეუთოს სადამკვირვებლო მისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია ეწვია.

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ჯილიან სტირკს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სტატუსი, ასევე მონიტორინგის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, ეუთო- ოდირის რეკომენდაციების შესრულება, შემოწირულებებისა და ხარჯების სტატუსები გააცნო.

შეხვედრას ეუთოს მისიის მხრიდან იურიდიული საკითხების ანალიტიკოსი მარლა მორი და პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი ალი ვერჯე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესიკ ქოჩიაშვილი ესწრებოდნენ.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მომავალ არჩევნებს შეაფასებენ დემოკრატიული საარჩევნო პროცესების პრინციპებთან შესაბამისობაში, ეუთო-ს მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ შეთანხმებული ვალდებულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის ჩათვლით.

დამკვირვებლები განახორციელებენ საარჩევნო კამპანიის, მედიის მიერ მოვლენების გაშუქების, საკანონმდებლო ბაზისა და მისი განხორციელების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობის და საარჩევნო დავების გადაწყვეტის მონიტორინგს.

დაკვირვების პროცესის ფარგლებში მისიის წევრები ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს, კანდიდატებს, პოლიტიკურ პარტიებს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს.

ეუთოს განცხადება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ არჩევნების მომდევნო დღეს გამოქვეყნდება.