NDI ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედურ ანგარიშს გაეცნო
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლების ონლაინშეხვედრა გაიმართა.
გენერალური აუდიტორის მოადგილემ, ეკა ღაზაძემ NDI-ის არჩევნების ადმინისტრირების ჯგუფის ანალიტიკოსებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ასახულია წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმართულ საარჩევნო კამპანიებზე, ასევე ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სხვადასხვა საყურადღებო ფაქტებზე.
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა NDI-ის არჩევნების ადმინისტრირების ანალიტიკოსს, მარსელ ნაჟს ინფორმაცია მიაწოდეს პარტიების სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებებზე, შემოწირულებათა შესწავლის სტატუსებზე, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან გადაცდომებსა და სხვა თემებზე.
NDI-მ ინტერესი გამოთქვა გაეცნოს არჩევნების მონიტორინგის საბოლოო დასკვნას მეორე ტურის დასრულების შემდეგ.