მესამე რეგიონული კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ დასრულდა

27 ივნისი, 2018

მუშაობა დაასრულა მესამე რეგიონულმა კონფერენციამ თემაზე „ფული პოლიტიკაში“, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და  საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორობით, 26-27 ივნისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა ევროპისა და აზიის ქვეყნებში პოლიტიკური დაფინანსების მიმართულებით  არსებული გარემოს შეფასებას, გამოცდილების გაზიარებას, დაფინანსების მექანიზმებისა და მონიტორინგის შედეგების გაუმჯობესებას.

კონფერენციის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინიციატივა, „პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურების თანამშრომლობის ასოციაციის“ დაფუძნების შესახებ. აღნიშნული პლატფორმა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას პოლიტიკური დაფინანსების მიმართულებით.

კონფერენციაზე განიხილეს პოლიტიკური დაფინანსების სფეროში სამოქალაქო საზოგადოებისა და სოციალური მედიის როლის მნიშვნელობა, ფინანსური მონიტორინგის თანამედროვე ინსტრუმენტები და კრიპტოვალუტის გამოყენების პრაქტიკა, ქალი კანდიდატებისთვის პოლიტიკური ფინანსების თანაბარი ხელმისაწვდომობის მექანიზმები, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და სხვა.

რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“ თბილისში მესამედ გაიმართა. მასში მონაწილეობდა 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურების 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ერთად, კონფერენციას ორგანიზება გაუწიეს: ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭომ (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტმა (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ,  მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა (EECMD).