მონიტორინგის სამსახური ბურჭულაძის და ჩერნოვეცკის ფონდების საქმიანობას სწავლობს

23 მარტი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მიერ 2016 წლის 21 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოზიციას:

2016 წლის 5 თებერვლის გენერალური აუდიტორის ბრძანების საფუძველზე ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდი „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე აღიარებულ იქნა განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად და გავრცელდა პოლიტიკური პარტიებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები. მიცემულ იქნა მითითება საქველმოქმედო და პოლიტიკური მიზნების გამიჯვნასთან დაკავშირებით, რომლის შესრულების მიმდინარეობაც კონტროლდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების მიერ. ასევე მიმდინარეობს საქველმოქმედო ორგანიზაცია „სოციალური პარტნიორობის“ საქმიანობის მონიტორინგიც და საარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმის მონაწილეობიოს დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

კვლევაში დაფიქსირებული მეორე სუბიექტის სამიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წლის 1 მარტს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელზე გაგზავნილ იქნა წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა საქმიანობასთან და შესაძლო საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

აღნიშნული წერილის საპასუხოდ, 2016 წლის 14 მარტს „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის“ მიერ გაკეთდა განმარტება, რომ ფონდს არ გააჩნია არანაირი საარჩევნო და პოლიტიკური მიზნები და უარყოფილ იქნა გავრცელებული მოსაზრებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ ეტაპზე არ გააჩნია ფორმალური საფუძველი „პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი“ დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს, რადგანაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 71 მუხლის შესაბამისად „განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული  უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ.“

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აგრძელებს ყველა მსგავსი სუბიექტის აქტივობის შესწავლას, ხოლო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საკითხებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს ვისაც აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს და დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, რათა მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს და სამართლიანი საარჩევნო გარემოს  ფორმირებას.