პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგების შესახებ

25 იანვარი, 2013

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2013 წლის 8 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული მასალების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანული კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.

მონიტორინგის ფარგლებში, პოლიტიკური დაფინანსების კანონშესაბამისობის საკითხის დადგენის უზრუნველსაყოფად, ჩატარდა კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. განხორციელდა განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მქონე მოწმეთა დეტალური გამოკითხვა. გადამოწმდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტები.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შესწავლილი საკითხი შეეხება პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ 2012 წლის 8, 23 და 28 სექტემბერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მხარდამჭერთა აქციის ორგანიზებას, რომლის უზრუნველსაყოფადაც გამოყენებულ იქნა ასეულობით სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალება.

კერძო მესაკუთრეთა სატრანსპორტო საშუალებების გარდა, პარტიის მიერ ორგანიზებული საარჩევნო შეხვედრებისათვის ასევე იქნა გამოყენებული შპს „თბილისის მიკროავტობუსის" კუთვნილი ე.წ. "ყვითელი მიკროავტობუსები". სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების გამოყენება ნებისმიერი პარტიის მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებისათვის სრულიად კანონშესაბამისი ქმედებაა, თუმცა შესწავლის საგნად იქცა ის ფაქტი, ღონისძიებების ორგანიზებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მიღება და განკარგვა განხორციელდა თუ არა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთიანიმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სექტემბრის თვეში საქართველოს სხვადახვა რეგიონიდან ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებისათვის, 126 900 ლარის საწვავი გამოიყენა, რომლის დეკლარირებაც კანონით დადგენილი წესით არ განუხორციელებია, რაც პარტიის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პარტიას უფლება აქვს მიიღოს როგორც ფულადი, ისე არაფულადი შემოწირულება ერთი ფიზიკური პირისაგან, კანონით დადგენილი 60 000 ლარის ლიმიტის ფარგლებში, რაც, ამავე კანონის მუხლი 271-ე მუხლის შესაბამისად, მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა ეცნობოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახოს პარტიის ფინანსურ დეკლარაციაში. კონკრეტულ შემთხვევაში პარტიამ არაფულადი შემოწირულების სახით მიიღო საწვავი, რომლის არც მიღებისას და არც განხორციელებისას არ იქნა დაცული ორგანული კანონით დადგენილი რეგულაციები. შესაბამისად, 126 900 ლარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიჩნეულია უკანონო შემოწირულებად.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოწმეთა ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ზაზა გოროზიამ, ზუგდიდის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას მეშვეობით, ზუგდიდში გასამართი აქციის ორგანიზებისათვის 40 000 ლარი გაიღო, რომლის დეკლარირებაც პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" არ განუხორციელებია. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, როგორც შემოწირულების მიღების, ასევე მისი განხორციელებისას, დაირღვა ორგანული კანონის მოთხოვნები. ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებისა და გადამოწმების მიზნით, ზაზა გოროზიას მოწმის სახით გამოკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან საქართველოს შს სამინისტროდან ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით, მას გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლა ასევე 2012 წლის 23 სექტემბერს, ქ.ზუგდიდში, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა აქციის ორგანიზებისათვის, ქ.თბილისის მერის მოადგილის, დავით ალავიძის მიერ შპს „თბილისის მიკროავტობუსისათვის" საკუთარი პირადი სახსრებიდან ერთი დღით 120 000 ლარის გადაცემის კანონიერება. საქმეზე გამოკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ თანხის გადაცემა სატრანსპორტო კომპანიისთვის მოხდა ერთი დღით იმ მიზნით, რომ კომპანიას მოესწრო აღებული ვალდებულების შესრულება. დავით ალავიძის მიერ თანხის გადაცემიდან მეორე დღეს, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მიერ, ზუგდიდში დაგეგმილი აქციის სატრანსპორტო მომსახურებისათვის საჭირო თანხა გადაეცა შპს „თბილისის მიკროავტობუსს", რომლის წარმომადგენლებმაც, თავის მხრივ, ფულადი თანხა იმავე დღეს დავით ალავიძეს დაუბრუნეს.

ზემოაღნიშნულ ეპიზოდში მონიტორინგის სამსახურის ინტერესის საგანია ის ფაქტი, რომ პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- მეტი სარგებელი ხალხს", სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი 120 000 ლარი ორგანული კანონის შესაბამისად არ ასახა დეკლარაციაში.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოწმეთა ჩვენებებით გამოიკვეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მომსახურების ასანაზღაურებლად 555 000 ლარის ოდენობის არადეკლარირებული ფულადი თანხის გამოყენების ფაქტი.

ამდენად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკანონო შემოწირულების მიღებისა და მის სასარგებლოდ უკანონო შემოწირულების განხორციელების ფაქტები, მიუხედავად ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სამართლებრივი რეაგირება, რადგან საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებულია ამნისტიის აქტი - „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ", რომელიც როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სასჯელისაგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებსაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახდელი დაეკისრათ ან შეიძლება დაეკისროთ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე განხორციელებული ქმედებისათვის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გადმოგზავნილი მასალები შეეხება 2012 წლის სექტემბერში განხორციელებულ ქმედებებს. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ყველა სამართალდარღვევა ჩადენილია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და მათზე ვრცელდება საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული ამნისტიის აქტი „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ".

იხ. საქართველოს კანონი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"