პოლიტიკური სუბიექტების მიერ ფინანსური დეკლარაციების შევსებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები

11 ოქტომბერი, 2012

2012 წლის საპარლამენტო არჩვნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი"-ს 57-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ფულადი სახსრების წყაროს მითითებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგებით კანონით დადგენილი ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა ორმა საარჩევნო სუბიექტმა,- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება". ორივე საარჩევნო სუბიექტმა ფინანუსრი მონიტორინგის სამსახურს კანონით დადგენილ ვადაში უკვე წარუდგინა საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშბრუნვის ამსახველი დეკლარაცია აუდიტორულ დასკვნასთან ერთად.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ფინანსური მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით, დეტალურად შეისწავლა საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავლებისა და ხარჯების ამსახველი ფინანსური ანგარიშგების ამსახველი დეკლარაცია, რათა ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მიეღო გონივრული რწმუნება საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების სისწორისა და სისრულის თაობაზე,

საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგებების შესწავლისა და მათი ანალიზის შედეგად ყველაზე ხშირად საარჩევნო სუბიექტების მიერ დეკლარირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გამოიკვეთა შემდეგი სახის შეცდომები:

ხშირად დაშვებული შეცდომები:

  1. არ სრულდება ფულის მოძრაობის ბალანსი, რაც ნიშნავს, რომ ფულის საწყის ნაშთს დამატებული ფულის შემოსავალი, გამოკლებული ფულის გასავალი არ უტოლდება ფულის საბოლოო ნაშთს. აღნიშნული ტოლობის გამოსათვლელად გამოიყენება როგორც სალაროს ასევე საბანკო ანგარიშების შემოსავლები და გასავლები.
  2. არასწორად არის დეკლარირებული არაფულადი შემოწირულებები საკასო შემოსავლის გრაფაში.
  3. არაფინანსური აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი ფორმა N9-ში არ ედრება ფორმა N7-ში (საბალანსე ანგარიშგება) დეკლარირებულ შესაბამის მონაცემებს.
  4. არ არის შევსებული ფორმა N9.3 (მოხალისეთა აქტივობის რეესტრი), ან არ არის სრულად დეკლარირებული ორგანიზაციის მიერ და არ ასახავს რეალურად პოლიტიკური სუბიექტის მიერ ჩატარებულ აქტივობებს
  5. ფორმა N7 (საბალანსო ანგარიშგება)-ში მოცემული ნაშთები არ ედრება ფორმა N8 (საბანკო ანგარიშები)-ს და საბანკო ამონაწერს.
  6. შემოსავლები არასწორადაა გადანაწილებული ფორმა N2-სა და ფორმა N3-ში. საარჩევნო კამპანიის პერიოდში ფორმა N2-ში უნდა იყოს დეკლარირებული თანხები, რომლებიც ჩაირიცხება იმ საბანკო ანგარიშებზე, რომლებიც არ წარმოადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს.
  7. არასრულადაა წარმოდგენილი ფორმა N9.7 ვალდებულებების რეესტრი, რომლის ჯამიც უნდა ედრებოდეს ფორმა N7-ში (საბალანსე უწყისი) ვალდებულებების ჯამურ ანგარიშს.
  8. ვალდებულებების, მოთხოვნების და არაფინანსური აქტივების ცვლილება სრულად არ ასახავს ფაქტობრივ და საკასო ხარჯებს შორის სხვაობას.
  9. ფორმები N9.1, N9.2, N9.4, N9.5 და N9.6 არ არის სრულად შევსებული მიუხედავად იმისა, რომ ფორმა N7-ში და ფორმა N5 - ში შევსებულია შესაბამისი მუხლები.
  10. ფორმა N7-ში არ სრულდება საბალანსო ტოლობა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების ცენტრის მიერ და სხვა საბიუჯეტო დაფინანსების სწორი დეკლარირება:

  1. საარჩევნო სუბიექტები არ ახდენენ ცესკოს მიერ გამოყოფილი უფასო სარეკლამო დროის დეკლარირებას, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით იგი ხარჯად არ ითვლება
  2. სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების ფონდიდან მიღებული თანხები, ასევე სხვა საბიუჯეტო დაფინანსება თუ ხვდება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, იგი დეკლარირდება ფორმა N3-ში, თუ იგი ხვდება სხვა ანგარიშზე, მაშინ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეუძლია ამ თანხის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად და დეკლარირების მიზნებისათვის, იგი ფაქტობრივ და საკასო შემოსავალის სახით აისახება ფორმა N2-ში.
  3. ცესკოს მიერ საარჩევნო სუბიექტებისათვის სარეკლამო დროის შესყიდვის მიზნით გადარიცხული თანხების ასახვა უნდა მოხდეს ფორმა N3-ში (საარჩევნო კამპანიის ფონდი), მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა არ ხვდება საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე, რადგან იგი იხარჯება საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. შესამამისად, წარმოადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის შემოსავალს.
  4. არაფინანსური შემოწირულებების ასახვა საარჩევნო პერიოდის მანძილზე ხდება ფორმა N3-ში ფაქტობრივი შემოსავლის სვეტში. (არ ივსება საკასო მონაცემი)

დარღვევების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომელთაც არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვის განმავლობაში წარმოსადგენი აქვთ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშგების ფორმები, გაითვალისიწინონ ზემოთჩამოთვლილი შეცდომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს მსგავსი ტიპის დარღვევების არსებობა.