სახელმწიფო აუდიტის სამსახური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველის დაჯარიმებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

17 სექტემბერი, 2012

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კანონით მონიჭებული უფლაბამოსილების ფარგლებში, ამოწმებს პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების საკითხს.

პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ 13 პირის მიერ განხორციელებული შემოწირულებების წარმომავლობის კანონიერება შეისწავლა.

ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი ერთი პირის შემოსავლები შეუსაბამო აღმოჩნდა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან. შესაბამისად, აღნიშნული პირის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან ერთად, განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა (მოსალოდნელი სანქციის ოდენობა შეადგენს 25.000 ლარს).

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერილობით მიმართავს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 5 სამუშაო დღის ვადაში შემომწირავისათვის თანხის უკან დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ.