სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში პოლიტიკურ ფინანსებზე

9 აგვისტო, 2012

დღეს, 9 აგვისტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში პოლიტიკური ფინანსების შესახებ. აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა ანგარიში გააცნო როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს.

ანგარიში მოიცავს სრულ ინფორმაციას ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსურ ინფორმაციაზე, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012 წლის 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით წარუდგინეს ფინანსური დეკლარაციები.

ანგარიშში მოცემულია დეტალური ანალიზი პარტიების შემოსავლის წყაროებისა და დაფინანსების შესახებ, გამიჯნულია კანონიერი და არაკანონიერი შემოსავლები და ხარჯები.

ამგვარად, ანგარიში წარმოადგენს სრულ სურათს დღესდღეობით საქართველოში არსებული პოლიტიკური ფინანსების შესახებ. პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმურობას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანია მსგავსი სახის ანგარიშგებით ხელი შეუწყოს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

იხილეთ თანდართული პრეზენტაციის ფაილი: PPTX

იხ. ტელესიუჟეტები