მონიტორინგის სამსახურის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ სარიშვილის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის თენგიზ სარიშვილის მიერ, საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქისათვის საჩუქრად სატელიტური თეფშის გადაცემის თაობაზე.
მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ 2012 წლის ივნისში, ბარათაშვილის ქ.#99 კორპუსის ეზოში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას, ფოთის საკრებულოს წევრი თენგიზ სარიშვილი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა, რა დროსაც იმავე კორპუსში მცხოვრებ ერთ–ერთ ქალბატონს, 74 წლის პენსიონერს ლუდა უდალოვას დაპირდა და მომდევნო დღეებში საჩუქრად გადასცა სატელიტური თეფში, რომლის დამონტაჟებაც სრულიად უსასყიდლოდ თავადვე უზრუნველყო.
აღნიშნული ფაქტი ეწინააღმედეგება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, რის გამოც თენგიზ სარიშვილი ცნობილი იქნა სამარათლადამრღვევად და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.