მონიტორინგის მეთოდოლოგიის პრეზენტაცია
დღეს, 9 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თბილისის ოფისში მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა პრეზენტაცია: „პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგი: მეთოდოლოგია". პრესისთვის განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილის, თინა ბოკუჩავას განცხადება
დღეს მინდა წარმოგიდგინოთ „პოლიტიკური დაფინანსების მონიტორინგი: მეთოდოლოგია", რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
საქართველომ ბოლო წლების მანძილზე კორუფციასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზანია საქართველო ანალოგიურად წარმატებული იყოს პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლაში. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური ფინანსები იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკური პარტიები ანგარიშვალდებულნი იყვნენ საზოგადოების წინაშე. ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა პოლიტიკური საქმიანობისთვის უნდა გამოიყენოს მხოლოდ კანონიერი ფული და არ მოახდინოს ამომრჩველის ხმაზე უკანონო ფინანსებით უსამართლო ზემოქმედება.
სწორედ ამიტომ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ინტენსიურად მუშაობდა სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ექსპერტებთან, რათა შეგვექმნა დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განმარტავს საქართველოს კანონმდებლობას პოლიტიკური ფინანსების სფეროში. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, რამაც ხარისხიანი დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
დოკუმენტის შემუშავების პროცესში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური კონსულტაციებს აწარმოებდა პოლიტიკურ პარტიებთანაც, რომლებიც ასევე მიესალმებიან ამ წინგადადგმულ ნაბიჯს.
პრევენცია ამ დოკუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა. პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილ დოკუმენტთან ერთად დარღვევების პრევენციაში ასევე დაეხმარება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს შეუძლია გაიაროს კონსულტაცია ნებისმიერ ფინანსურ საკითხზე.
დოკუმენტის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, დოკუმენტის შემდგომი დახვეწის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და იმედოვნებს, რომ პოლიტიკური სუბიექტები, სამოქალაქო სექტორი და საქართველოს საზოგადოება გაიზიარებს ამ ძალისხმევას, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდეს პოლიტიკური პარტიების ფინანსები საქართველოში სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად და ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრებისთვის არჩევნების შემდგომ.