ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება
ბოლო პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმად, საქართველოს რეგიონებში პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ კომპანია “გლობალ TV”-ს ტექნკური საშუალებებისა და პერსონალის პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება ხდება. კერძოდ, კომპანიის მენეჯერები იმავდროულად რეგიონულ და რაიონულ დონეზე პოლიტიკურ სუბიექტ “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ (ვიდეო წყარო: “ქართული ოცნების” თელავის რაიონის ორგანიზაციის წარმომადგენლის ზაზა დევიძის განცხადება, კახეთის საინფორმაციო ცენრტი, 14 მაისი 2012,http://www.ick.ge/ka/articles/10871-2012-05-14-14-33-58.html კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური “გლობალ-TV”-ს საქმიანობასა და “ქართული ოცნების” და მის საარჩევნო მიზნებს შორის კავშირზე საჯაროდ საუბრობდა (ვიდეო წყარო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი, 14 მაისი 2012, http://ick.ge/ka/rubrics/politics/10867-2012-05-14-13-17-08.html).
აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას “ქართული ოცნების” ლოგოს ამსახველ მაისურებში ახორციელებდნენ; “ქართული ოცნების” პარტიული აქტივისტები კი ამავე კომპანიის მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობდნენ მოქალაქეებს.
ზემოაღნიშნული გარემოებები საზოგადოებაში პოლიტიკური კოალიციისა და აღნიშნული კომპანიის შეთავაზებული მომსახურების გაიგივებას იწვევს და პარტიათა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავს.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური, კანონმდებლობით განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავების, ანალიტიკური პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მონიტორინგის მანდატით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მათ შორის ცალკეულ პირთა გამოკითხვას.
ფინანსური მონიტორინგის ღონისძიებები მიმართულია მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ. მონიტორინგი არ უკავშირდება ზემოაღნიშნული კერძო კომპანიის საქმიანობას და მის მიმართ სამსახურს სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნია.