მონიტორინგის სამსახურის განცხადება

1 მაისი, 2012

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით, მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ კოალიციისა და მასში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან მიმართებაში გაწეული ხარჯების კანონიერების შესწავლას ახორციელებს, ვინაიდან არსებობს აშკარა შეუსაბამობა გაწეულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის.

ამ მიზნით, 2012 წლის 2 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისის, ბათუმის და თბილისის ოფისებში მოწვეული არიან მოქალაქეები, რომელთაც აქვთ საიჯარო და სამეწარმეო ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტთან, რათა კონტროლის პალატამ მიიღოს აუდიტორული რწმუნება მათი ფინანსური საქმიანობის კანონშესაბამისობის შესახებ.

აღნიშნული პირები მოწვეულნი არიან მოწმის სტატუსით და შესაბამისად სარგებლობენ კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, რაც დამატებით განემარტებათ გასაუბრების პროცედურისას.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში დაინერგა სიახლე. გასაუბრების დაწყებამდე კონტროლის პალატაში მოწვეულ მოქალაქეებს მოემსახურებიან კონსულტანტები, რომლებიც მიაწვდიან ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მათი მოწვევის მიზეზებსა და საფუძვლებთან დაკავშირებით. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციას და მიაწვდიან ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ყველა გასაუბრების პროცედურა ფიქსირდება აუდიო-ვიდეო ტექნიკური საშუალებებით.