მონიტორინგის სამსახურის განცხადება

29 აპრილი, 2012

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პოლიტიკური სუბიექტის „განახლებული საქართველოსთვის“ განხორციელებული შემოწირულობების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით მოწვეული იყვნენ ის პირები, რომელთაც პარტიას სოლიდური თანხები შეწირეს.

ახსნა-განმარტების მიღების დროს, აღნიშნულმა პირებმა, პარტიისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დადასტურება ვერ შეძლეს. მათი შემოსავლები და ხარჯები არაპროპორციული აღმოჩნდა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან.

კონტროლის პალატის მიერ ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შემომწირველთა ნაწილი, როგორც მატერიალურად გაჭირვებული პირი, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სახელმწიფოსაგან საარსებო შემწეობებს იღებს და დაზღვევის უფასო პროგრამით სარგებლობს;

პირთა ნაწილს აქვს კომერციული ბანკების დავალიანება, ნეგატიური სესხები, რომლის გადახდასაც მატერიალური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ;

ზოგიერთ მათგანს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დღემდე ცხოვრობს ქირით, ან დროებითი სარგებლობის მიზნით გაფორმებული აქვს იპოთეკის ხელშეკრულება.

ამდენად, აღნიშნულმა პირებმა ვერ დაასაბუთეს „პოლიტიკური სუბიექტის“ ანგარიშზე შემოწირულობის სახით ჩარიცხული თანხების წარმომავლობა და კანონიერება. ადმინისტრაციული წარმოების საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მათ მიერ პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ შეწირული თანხები მიჩნეულ იქნა უკანონო შემოწირულობად. შემოწირულობის განმხორციელებელი ექვსი პირი კი, კანონის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით დაჯარიმდა.