მონიტორინგის სამსახურის ბრიფინგი
დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ ბრიფინგი გამართა.
საქართველოს კონტროლის პალატამ კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე შეისწავლა შპს „ქართუ მშენებელის“ თანამშრომლის ნუგზარ ხუციშვილის მიერ მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ შემოწირულობის განხორციელების მართლზომიერების საკითხი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება და კონკრეტული ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სახეზეა იურიდიული პირის მიერ ფიზიკური პირის გამოყენებით განხორციელებული უკანონო შემოწირულობის ფაქტი.
ნუგზარ ხუციშვილს შპს „ქართუ მშენებელში“ რამდენიმე წლიანი მუშაობის განმავლობაში პრემია არასოდეს მიუღია. მისი თვიური ხელფასია 1000 ლარი. შესაბამისად, 1 წელიწადში ხელფასის ჯამური ოდენობა შეადგენს 12.000 ლარს. “ქართუ მშენებელთან“ გარიგების შედეგად ნუგზარ ხუციშვილს პრემიის სახით 6 თებერვალს ჩაერიცხა 40. 000 ლარი, საიდანაც 20.000 ლარი 3 დღეში „ქართული ოცნების“ ანგარიშზე შეიტანა.
- საქმის შესწავლისას ნუგზარ ხუციშვილის მიერ ჩვეულებრივისაგან განსხვავებული რაიმე სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი წახალისების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, ვერ დადასტურდა.
- მიღებული პრემია სრულიად შეუსაბამოა მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობასთან და ხელფასის ოდენობასთან.
- პრემიის მიღებიდან სულ რაღაც სამ დღეში შპს „ქართუ მშენებელის“ მიერ თითქოსდა პრემიის სახით გაცემული თანხა ხვდება „ქართული ოცნების“ ანგარიშზე.
ამდენად, სახეზეა იურიდიული პირის მიერ კანონით აკრძალული შემოწირულობის განსახორციელებლად სხვა პირის, კერძოდ, ნუგზარ ხუციშვილის გამოყენება, რაც კანონით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
საქართველოს კონტროლის პალატამ კანონის შესაბამისად, უკანონო შემოწირულობის ( 20.000 ლარის ) ათმაგი ოდენობით დააჯარიმა როგორც ნუგზარ ხუციშვილი, ასევე შპს „ქართუ მშენებელი“
დაჯარიმდა ასევე „ქართული ოცნება“, რომლისთვისაც ცნობილი იყო მის ანგარიშზე განხორციელებული უკანონო შემოწირულობის თაობაზე, რომელიც კანონის შესაბამისად 3 დღის ვადაში უნდა დაებრუნებინა უკან შემომწირველისათვის. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ არც საკუთარი ინიციატივით შეასრულა კანონი, არც საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვა გაითვალისიწინა და საერთოდ, უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიმართ გამოყენებულ იქნა სანქციები. კერძოდ, აღნიშნული ორგანიზაცია კანონის შესაბამისად დაჯარიმდა უკანონო შემოწირულობის ათმაგი ოდენობით - 200.000 ლარით, მის ანგარიშზე არსებული უკანონო შემოწირულობა კი გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ჩვენი ინფორმაციით, ამგვარი კანონსაწინააღმდეგო და მსგავსი სქემების გამოყენებით ხორციელდება სხვადასხვა სუბიექტების პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსება. ამიტომ მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. კანონმდებლობა არ ზღუდავს მოქალაქეებს, თავისი პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით კანონის შესაბამისად განახორციელონ პოლიტიკური საქმიანობა და შემოწირულობები.
ტელევიიზიით გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენთვის ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ. საქართველოს კონტროლის პალატა კანონით მონიჭებული მანდატის შესაბამისად, გამოითხოვს ინფორმაციას აღნიშნული ფონდის ფინანსური საქმიანობის შესახებ შემდგომი შესწავლის მიზნით.