ელექტრონული დეკლარირების პროგრამა

25 თებერვალი, 2012

გაცნობებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პოლიტიკურ სუბიექტებთან უფრო ეფექტური და მოქნილი კომუნიკაციის მიზნით, შექმნა ახალი ვებინტერფეისის მქონე ელექრონული დეკლარირების პროგრამა, რომლის მიზანია შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის მიღების, დამუშავების და ანალიზის პროცესის გამარტივება, რათა პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება, უფრო მარტივად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს კონტროლის პალატაში 2012 წლის 27 თებერვლიდან იწყება. პრეზენტაციის პარალელურად ჩატარდება ტრენინგი, რათა პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლებს დეტალურად განემარტოთ ელექტრონული დეკლარირების მოხმარების წესები და გადაეცეთ მომხმარებლის პერსონალური სახელები ინდივიდუალურ პაროლებთან ერთად. ტრენინგის პროცესის დასრულებამდე, პარტიებს მიეცემათ სატესტო ვერსიაში მუშაობის საშუალება, რათა უფრო დეტალურად და ამომწურავად გაეცნონ მუშაობის წესს და პრინციპებს, რის შემდეგაც ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უკვე სავალდებულო იქნება შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია შეავსონ ვებგვერდის მეშვეობით, საიდანაც ბუღალტრის მიერ შევსებული და თავმჯდომარის (პასუხისმგებელი პირის) მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოწირულობის შესახებ ინფორმაციის შემცველი ფორმა ავტომატურად მოხვდება საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურში. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ აღარ იქნება სავალდებულო ინფორმაციის გადმოგზავნა საგანგებოდ შექმნილ ელექტრონულ მისამართზე cpu@control.ge და მას ჩაანაცვლებს ვებინტერფეისის მქონე ელექტრონული დეკლარირების სისტემა, თუმცა ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის სავალდებულო რჩება შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის დედნების წარმოდგენა საქართველოს კონტროლის პალატის კანცელარიაში.

როგორც თქვენთვის ცნობილია, პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაციის მოწოდების წესს განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატა და რადგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს ვალდებულება შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს სამ დღეში, მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ამ ინფორმაციის ვებინტერფეისის მეშვეობით მოწოდების წესს, რაც არის ძალზედ მარტივი და მიზნად ისახავს დეკლარირების უფრო ცივილური ფორმით განხორციელებას და ანალიზის გამარტივებას.

ამდენად, საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგზე გამოცხადდეს პოლიტიკური სუბიექტის ბუღალტერი და თავმჯდომარე (ან თავმჯდომარის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით განსაზღვრული პირი). იმისათვის, რომ ტრენინგამდე დეტალურად მომხდარიყო სიახლის გაცნობა, პოლიტიკურ სუბიექტებს დაეგზავნათ ვებინტერფეისის სატესტო ვერსიის მისამართი და სატესტო პაროლები, დაეგზავნათ ასევე ფორმების შევსების და მოწოდების დეტალური ინსტრუქცია. მუშაობის შედეგად გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, ყველას შეეძლება დაგვიკავშირდეს ცხელი ხაზის მეშვეობით და ჩვენი კონსულტანტებისაგან მიიღოს დეტალური განმარტებები. ტრენინგამდე სატესტო ვერსიაში მუშაობა ყველა სუბიექტს დაეხმარება პრეზენტაციისათვის იყვნენ უფრო მომზადებულები, დასვან ყველა ის შეკითხვა და გააჟღერონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში გაუჩნდებათ.

ტრენინგი გაიმართება 27 თებერვალს ორ ეტაპად - 12 საათსა და 4 საათზე. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური სუბიექტების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა რეგისტრაცია საქართველოს კონტროლის პალატის ცხელი ხაზის მეშვეობით 243 81 53.

იხ.ტელესიუჟეტები