მონიტორინგის სამსახურის განცხადება
დღეს, 13 თებერვალს, 13 საათზე საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძე გააკეთა განცხადება არასამეწარმეო იურიდიული პირი „რესპუბლიკური ინსტიტუტისა“ და ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ.
საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2012 წლის 8 თებერვალს ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა არასამეწარმეო იურიდიულ პირებს - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ და „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“. „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე რესპუბლიკურ პარტიას, რადგან ზემოაღნიშნული იურიდიული პირი წარმოადგენს რესპუბლიკურ პარტიასთან ასოცირებულ ორგანიზაციას და მისი კონტროლის ქვეშ იმყოფება.
ორგანიზაციამ - „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა. ანალიზის შედეგად ამ ორგანიზაციის კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არ დადგინდა. ამ ორგანიზაციას მიღებული აქვს გრანტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მისი ხარჯები არ არის დაკავშირებული პოლიტიკური შინაარსის საქმიანობასთან. შესაბამისად, ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ არ წარმოადგენს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.
რაც შეეხება „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“, ეს ორგანიზაცია თავად საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მიერვე განსაზღვრულია როგორც პარტიასთან ასოცირებული იურიდიული პირი და ბუნებრივად არის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სუბიექტი. მასზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და შესაბამისად, ის ექცევა საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის ქვეშ. ამასთან, რესპუბლიკურ ინსტიტუტს არ ეზღუდება სამოქალაქო აქტივობის განხორციელება, იმავე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მან დაუსაბუთებელი უარი განაცხადა მასთან ასოცირებული იურიდიული პირის „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე და ჩვენთან აბსოლიტურად უპერსპექტივო იურიდიულ დავაში შემოვიდა. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედეგი და საზოგადოებისათვის პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშბრუნვების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. შედეგი კი სახეზეა და მოგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ წარმოადგინა ინფორმაცია მათი ფინანსური ანგარიშბრუნვის თაობაზე, რასაც გავხდით საჯაროს და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა მისი გაცნობის საშუალება.