საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები 
1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს:
ა) პოლიტიკური პარტიის ფონდიდან;
ბ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან − დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.
2. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.
3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საფუძველია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ.
4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია  უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.
5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი და შესაბამის საბანკო  ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.
6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს, შესაბამისი საარჩევნო კამპანიის ფონდის სახსრების გარდა, სხვა სახსრების გამოყენება.
7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.
8. დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის წლიური საარჩევნო ხარჯების საერთო ოდენობის ზედა ზღვარი განისაზღვრება შემდეგი წესით: პოლიტიკური პარტიისათვის დაშვებული საარჩევნო კამპანიის ხარჯების ზედა ზღვარი (საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%) უნდა გაიყოს ქვეყანაში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე და მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. 
საქართველოს 2016 წლის 22  ივნისის ორგანული კანონი  №5438  - ვებგვერდი, 12.07.2016წ. 
საქართველოს 2018 წლის 21   ივლისის ორგანული  კანონი №3266  –  ვებგვერდი, 13.08.2018წ. 
საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ. 

 

საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს საარჩევნო კოდექსი