სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა პრაღაში ელექტრონული დეკლარირების სისტემის (FMS) პრეზენტაცია გამართეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში - „ციფრული გადაწყვეტილებები პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის პროცესში - ანგარიშგება, მიმოხილვა და გამოქვეყნება“.
პრაღაში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა და მთავარმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა, გვანცა იორდანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ახლადდანერგილი ელექტრონული დეკლარირების სისტემა (FMS) გააცნეს, ასევე დეტალურად ისაუბრეს საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანგარიშების დეკლარირების წესებისა და სტანდარტების შესახებ.
შეხვედრას საქართველოს გარდა ცხრა ქვეყნის - ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, მონტენეგრო, კოსოვო, სომხეთი, უკრაინა, ალბანეთი - პოლიტიკური ფინანსების საზედამხედველო უწყებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ელექტრონული დეკლარირების სისტემა გამოირჩევა სიმარტივითა და მაღალი ფუნქციური შესაძლებლობებით.