სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საარჩევნო სუბიექტებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა

23 სექტემბერი, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებთან საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ-რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო საარჩევნო რეგულაციებში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების გაცნობა. საარჩევნო სუბიექტებს ასევე გააცნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიდგომები საარჩევნო მონიტორინგის პროცესის მიმართ.

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საარჩევნო სუბიექტების ბუღალტრებსა და ფინანსისტებს ინფორმაცია მიაწოდეს საარჩევნო პერიოდში ფინანსური ანგარიშების წარდგენის ვადებზე, ფორმებსა და ფინანსების დეკლარირების წესებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიებისა და სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ დასმულ სხვადასხვა, მათთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხეს. უშუალო მაგალითებზე დაყრდნობით განიხილეს ფორმების შევსების წესები.

დისტანციურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას 30-მდე საარჩევნო სუბიექტი ესწრებოდა.