სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეუთო/ოდირის დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) წარმომადგენლებმა, 2021 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია ანგარიშში შემოთავაზებული დასკვნების და რეკომენდაციების განხილვა, შემდგომი თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირება და კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა, რომლებიც შეიძლება გადაიდგას სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის და პრაქტიკის დაახლოების მიზნით.
გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ ქოჩიაშვილმა დელეგაციის წევრებს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში წარმოდგენილ დასკვნებსა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხედვა გააცნეს.
ეუთო/ოდირის რეკომენდაციები ეხებოდა რეგულაციების დამოუკიდებელ კანდიდატებზე გავრცელებას, ანგარიშების გამოქვეყნების ვადებს, ჯარიმების გაზრდასა და მესამე მხარის მიერ უკანონო ხარჯებისთვის სანქციების დაწესებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) დელეგაციას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობს.