სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეუთოს (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია ეწვია

2 სექტემბერი, 2021

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია და მენეჯმენტთან საინფორმაციო  ხასიათის შეხვედრა გამართა. 

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, გენერალური აუდიტორის მოადგილემ ეკა ღაზაძემ და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა მისიის წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი და შედეგები გააცნეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც წინასაარჩევნოდ კანონმდებლობასა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ ნორმებში შევიდა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელებმა მისიის წევრებს  წარუდგინეს ინფორმაცია ეუთოს (OSCE/ODIHR) მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, ასევე იმსჯელეს იმ აქტივობებზე, რასაც პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის სამსახური ახორციელებს წინასაარჩევნო გარემოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და საარჩევნო სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით. 

საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის სამართლებრივმა ანალიტიკოსმა ელიზავეტ კარაგიანიდუმ აღნიშნა, რომ მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე საქართველოში რჩება და აგრძელებს როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ისე საარჩევნო პროცესებში ჩართულ სამთავრობო თუ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას.