სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2017 წლის წლიური დეკლარაციების ანალიზის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების მიერ 2017 წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების სტატისტიკას აქვეყნებს.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით რეგისტრირებულია 231 პარტია. 2018 წლის 1 თებერვლამდე წლიური დეკლარაციების წარმოდგენის ვადა დაიცვა და შესაბამისი ინფორმაცია წარმოადგინა 45 პარტიამ. თებერვლის თვეში გაგზავნილი 186 გაფრთხილების წერილის საფუძველზე 37 პარტიიდან მიღებულია დეკლარაცია, ხოლო 5 შემთხვევაში მიღებულია წერილობითი განცხადება, რომ პარტია არ ფუნქციონირებს.
წლიური ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, 12 პოლიტიკური პარტიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო 124 პარტიის შესახებ არანაირი საიდენტიფიკაციო/საკონტაქტო და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მოქმედი საკონტაქტო ინფორმაცია არ იძებნება.
წლის განმავლობაში ხარჯი დაუფიქსირდა მხოლოდ 39 პოლიტიკურ პარტიას, საიდანაც 22 პარტია საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები იყო. ჯამში პოლიტიკური პარტიების მიერ დახარჯულია 39,490,699 ლარი:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 20,607,450 ლარი.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 3,264,951 ლარი.
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 2,995,498 ლარი.
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 2,577,138 ლარი.
ჯამში, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულია 37,608,802 ლარის შემოსავალი, საიდანაც 16,923,357 ლარი მიღებულია შემოწირულებების ფორმით, 18,812,913 ლარი საბიუჯეტო რესურსებიდან, ხოლო 1,872,532 ლარი სხვა შემოსავლების სახით.
საბიუჯეტო დაფინანსება 2017 წლის განმავლობაში 22 პარტიას აქვს მიღებული, რადგან მანამდე არსებული 20 კვალიფიციური პარტიიდან 4-მა სუბიექტმა დაკარგა დაფინანსება, ხოლო 2-მა პარტიამ მოიპოვა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. შედეგად, პოლიტიკურმა პარტიებმა 2017 წლის განმავლობაში ჯამში 18,812,913 ლარის საბიუჯეტო დაფინანსება მიიღეს.
ჯამში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულმა შემოწირულებამ 17,041,777 ლარი შეადგინა:
- ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო - 15,311,403 ლარი.
- ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის - 1,172,696 ლარი.
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 144,150 ლარი.
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 66,392 ლარი.
იხ. სრული ინფორმაცია.