სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებით დაინტერესებულ და შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ წარმომადგენლებს იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების პროცესში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 7 აგვისტოს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში. მისამართი: ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა წერილობით უნდა წარმოადგინონ მათი წარმომადგენლის ვინაობა და ინფორმაცია არჩევნების არაპარტიული მონიტორინგის გამოცდილების შესახებ.
პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს შეიქმნა და ფუნქციონირებდა, ასევე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში.
კომისიის მიზანია პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციების შესაძლო დარღვევის თაობაზე მიღებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი, ასევე, პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების საკითხებზე საექსპერტო–საკონსულტაციო ამოცანათა შესრულება.