პარტიების დაფინანსების მონიტორინგის მიმდინარე შედეგების და ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია
დღეს, 5 დეკემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების კამპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონიტორინგის მიმდინარე შედეგებისა და პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამმა 29 212 382 ლარი შეადგინა, ხოლო მათ მიერ წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების ჯამური მოცულობა 39 472 486 ლარით განისაზღვრა. პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლების მიხედვით, პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის ყველაზე დიდი ოდენობის შემოწირულობა - 19,005,219.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, შემდეგ: „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4,278,541.67 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1,063,514.50 ლარი, „პატრიოტთა ალიანი“ – 1,019,650.10 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 686,945.00 ლარი. სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული შემოწირულების ჯამური თანხა 3,158,512.00 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება დეკლარირებულ ხარჯებს, საარჩევნო პერიოდში (ივნისი-ოქტომბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ განხორციელებული ჯამური ხარჯები ასე გამოიყურება: „ქართული ოცნება“ – 22,212,663.00 ლარი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4,396,452.40 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,391,046.00 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 2,524,362.00 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ - 1,694,759.53 ლარი და სხვა საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო ხარჯების ჯამური მოცულობა - 6,253,204.00 ლარი.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს აუდიტის სამსახურმა შეისწავლა 1016 შემომწირველი ფიზიკური პირისა და 84 იურიდიული პირის მიერ განხორციელებული შემოწირულების კანონიერება. ამ დროისთვის გამოკითხულია 120 პირი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ 35, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 12, „სახელმწიფო ხალხისთვის - 42 და „პატრიოტთა ალიანსის“ - 18 შემომწირველი. უწყებაში გამოკითხვის მიზნით დაბარებულია 40 პირი.
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაჯარიმებულია პოლიტიკური გაერთიანებების - „სახელმწიფო ხალხისთვის“ შემომწირველი 7 პირი, ჯამური სანქციის - 187 000 ლარის ოდენობით, „პატრიოტთა ალიანსის“ 1 შემომწირველი - 183 200 ლარის ოდენობით. „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გაწეული უკანონო ქველმოქმედებისთვის დაჯარიმებულია პირები 8 000 ლარის ოდენობით, ინფორმაციის წარმოუდგენლობის საფუძვლით დაჯარიმებულია 7 პარტია და 12 კანდიდატი.
პარტიების ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ევროსაბჭოს მხარდაჭერით აამოქმედა ახალი ვებსაიტი - www.monitoring.acb.gov.ge, რისი საძიებო სისტემაც დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებთ ინფორმაციის მოპოვებასა და დამუშავებას. ამასთანავე, სრულდება მუშაობა პარტიების ფინანსური დეკლარაციების ელექტრონული პროგრამის მოსამზადებლად, რომელიც 2017 წლის იანვარში ამოქმედდება და გაამარტივებს როგორც პარტიების მიერ ინფორმაციის დეკლარირების, ასევე წარმოდგენილ ინფორმაციაზე წვდომის პროცესს.
იხ.სიუჟეტები