2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები წინასაარჩევნო გარემოს შეფასება
წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც პარტიების დაფინანსების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი, აქტიურობითა და მიუკერძოებლობით გამოირჩეოდა. აუდიტის სამსახური რეაგირებდა როგორ მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებზე.
2016 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე, პოლიტიკურმა პარტიებმა/საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 16,150,855 ლარის შემოწირულება (მათ შორის, საწევროები და არაფულადი შემოწირულება) მიიღეს. აქედან, 14,829,755 ლარი 1,109 ფიზიკურმა პირმა გაიღო, ხოლო 1,321,100 ლარი - 24-მა იურიდიულმა პირმა. 24 იურიდიული პირიდან - 15 „ქართული ოცნების” შემომწირველია, დანარჩენი კი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის”, „ეროვნული ფორუმის” და „გირჩის”. „ქართული ოცნების” შემომწირველ 34 ადამიანთან დაკავშირებულმა 35-მა კომპანიამ 4,005,857 ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. „ქართული ოცნების” შემომწირველებიდან 38 თანამდებობის პირი ან/და მათი ოჯახის წევრი იყო. ზოგიერთი საჯარო მოხელის შემოწირულობა მათი დეკლარირებული შემოსავლის დიდ წილს წარმოადგენდა.
გამოიკეთა საკანონმდებლო ხარვეზი განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე პირის დეფინიციისა და ამ სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული არასასურველი შედეგი მოჰყვა, კერძოდ, პაატა ბურჭულაძემ პარტიის შექმნამდე გაცილებით ადრე დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა, თუმცა რადგან მას მაისამდე საჯაროდ არ დაუფიქსირებია საარჩევნო მიზნები, მისი ფონდის მიერ მანამდე განხორციელებული აქტივობები და ფინანსური დანახარჯები ვერ მოექცა პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი რეგულაციების ქვეშ, რამაც ის სხვა პარტიებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა.