მონიტორინგის სამსახურის განცხადება

6 ივნისი, 2012

ფინანსური მონიტორინგის სამსახური აწარმოებდა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ კომპანიების “ბურჯის”, “ელიტა ბურჯის” და “გლობალ კონსალტინგ გრუპის” ტექნიკური, პერსონალური და სხვა საშუალებების, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების საკითხის შესწავლას. საქმე ეხება ამომრჩევლებისათვის მასობრივად და უსასყიდლოდ ათეულ ათასობით სატელიტური ანტენების დარიგების და 239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანებით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.

მონიტორინგის პროცესში მოპოვებული იქნა მტკიცებულებები (დოკუმენტური, ანალიტიკური, მოქალაქეთა გამოკითხვები და ა.შ.), რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, ზემოაღნიშნული კომპანიების მომსახურების კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტებს, რაც განაპირობებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ კანონით აკრძალული ფინანსური უპირატესობის მიღებას, და რაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემადგენლობას ქმნის.

საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, სამართალდარღვევის სუბიექტად განისაზღვრა გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიერ, მისი კუთვნილი კომპანიების მეშვეობით ხორციელდებოდა პოლიტიკური და საარჩვენო მოტივაციით, კანონსაწინააღმდეგო სქემების დაფინანსება კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით.

07.06.2012 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები და მასალები საქმის შემდგომი განხილვის მიზნით გაეგზავნა სასამართლოს.