მონიტორინგის სამსახურის განცხადება
დღეს, 8 თებერვალს საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გააკეთა განცხადება.
განცხადებაში ნათქვამია: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის და 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარტიას აქვს ვალდებულება წარმოადგინოს მასთან დაკავშირებული პირების ფინანსური ანგარიშბრუნვის შესახებ ინფორმაცია. ამ მიზნით, დღეს საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის - „რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარმოდგენასთან დაკავშირებით, მოთხოვნები დაეგზავნა შესაბამის ადრესატებს.
ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა დაევალა ასევე ორგანიზაციას „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთან ასოცირებული პირები დღესაც ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ორივე სუბიექტს ანგარიშბრუნვის წარმოსადგენად სამი დღის ვადა განესაზღვრა”.
დღესვე, საქართველოს კონტროლის პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.control.ge) გამოქვეყნდება პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი წლიური დეკლარაციები.