ღია კარის დღე კონტროლის პალატაში
2012 წლის 4 იანვარს, საქართველოს კონტროლის პალატამ საკუთარ ვებგვერდზე ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების პროექტი გამოაქვეყნა და ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას საკუთარი მოსაზრებების გაზიარება შესთავაზა.
2012 წლის 18 იანვარს, ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნებიდან გამომდინარე, ყოველწლიური დეკლარაციის ფორმების საბოლოო ვარიანტის შესამუშავებლად, საქართველოს კონტროლის პალატაში ღია კარის დღე გაიმართა, სადაც ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და გაცხადებული პოლიტიკური მიზნების და ამოცანების მქონე პირებს შეეძლოთ დეკლარაციის ფორმების საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება.
კონტროლის პალატის ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურნენ პოლიტიკური პარტიების ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა და სპეციალისტების ჯგუფმა ამომწურავად განმარტეს წლიური დეკლარაციის შევსების წესსა და მოთხოვნებთან დაკავშირებული ყველა საკითხი.
შეხვედრა ინტერაქტიულ, სამუშაო გარემოში წარიმართა. პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებმა მსგავსი ფორმატით თანამშრომლობის სურვილი მომავალშიც გამოთქვეს.
პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ, ყოველწლიური დეკლარაციის ფორმები საბოლოო სახით დამტკიცდება და დეტალურ ინსტრუქციასთან ერთად საქართველოს კონტროლის პალატის ვებგვერდზე განთავსდება, რომლის მიხედვითაც უკვე შევსებული დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ყველა სუბიექტს 2012 წლის 1 თებერვლამდე ექნება.