2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების დროს ინფორმაციის წარმოდგენის განრიგი

7 აგვისტო, 2023

2023 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2021 წლის 5 აგვისტოს N012036/21 ბრძანების (იხ. https://monitoring.acb.gov.ge/ka/about/legal-acts) შესაბამისად, 

  • საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი, საინიციატივო ჯგუფი) ვალდებულია საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (მმართველი და ბუღალტერი) საკონტაქტო მონაცემებს.
  • პოლიტიკური პარტია უფლებამოსილია საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშად გამოიყენოს  მიმდინარე საბანკო ანგარიში ან გახსნას ახალი;
  • თუ პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან, საარჩევნო კამპანია უნდა დაფინანსდეს საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პარტიის ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული, საარჩევნო ბლოკის საარჩევნო კამპანიის ფონდის გახსნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
  • ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი ან ისარგებლოს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შემდგომ გახსნილი, დამოუკიდებელ კანდიდატად წარსადგენი პირის პირადი ანგარიშით. 

საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია წარმოადგინოს საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშები შემდეგი გრაფიკით:

  • ინფორმაცია  2023 წლის 2 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით  − 26 აგვისტომდე;
  • ინფორმაცია 2023 წლის 23 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით − 16 სექტემბრამდე; 
  • ინფორმაცია 2023 წლის 13 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით − 5 ოქტომბრამდე; 
  • ინფორმაცია 2023 წლის 2 აგვისტოდან 1 ოქტომბრის ჩათვლით − 13 ოქტომბრამდე (იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა); 
  • ინფორმაცია 2023 წლის 2 აგვისტოდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე − შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში (არჩევნებში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა), ასევე აუდიტორული დასკვნა, თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი აღემატება 10 000 (ათი ათასს) ლარს; 
  • პირველი ტურის კენჭისყრის დღის (1 ოქტომბერი) შემდგომ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში − მეორე ტურის გამართვის დღემდე 3 დღით ადრე  (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა); 
  • ინფორმაცია 2023 წლის 2 აგვისტოდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში (მეორე ტურში მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტმა), ასევე აუდიტორული დასკვნა, თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი აღემატება 10 000 (ათი ათასს) ლარს.

ფინანსური ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  documents@sao.ge და ელექტრონული ფორმით (Excel), ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  monitoring@sao.ge

ანგარიშგების ფორმები და განცხადების ნიმუშები განთავსებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:  www.monitoring.acb.gov.ge -> დეკლარაციები -> დეკლარაციის ფორმები და განცხადების ნიმუშები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ასევე წარედგინება ინფორმაცია შემდეგი პერიოდულობით:

  • ინფორმაცია შემოწირულების მიღების, საწევრო შენატანების განხორციელების შესახებ − 5 სამუშაო დღის ვადაში;
  • ინფორმაცია ნაღდი ფულით გასავლის ოპერაციის შესახებ საარჩევნო პერიოდში − საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშთან ერთად;
  • ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის შესახებ საარჩევნო პერიოდში − საარჩევნო კამპანიის ფინანსურ ანგარიშთან ერთად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი 
ტელ.: (+995  32) 243-81-54; 243-81-53
ელფოსტის მისამართი: monitoring@sao.ge
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96