სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODHIR) და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებმა, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს.
დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტზე, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრების მომზადება. პროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონებში, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ფუნქციასთან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ ქოჩიაშვილმა დელეგაციის წევრებს გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხედვა ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას შეეხება.
ცვლილებების პროექტი ეუთო/ODHIR-ის და GRECO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა. ცვლილებები შეეხება პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წლიური ხარჯვის ლიმიტების შემცირებას, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულაციების სამართალდარღვევისთვის ხანდაზმულობის ვადის შემცირებას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის უზრუნველყოფას პარტიების შემომწირველთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.
ODIHR-ის და ვენეციის კომისიის დელეგაციაში შედიან: ODIHR-ის ექსპერტი მარლა მორი, საარჩევნო მრჩეველი/საქართველოს საკითხებზე ქსენია დაშუცინა, ვენეციის კომისიის მომხსენებელი მაიკლ ფრენდო და იურიდიული მრჩეველი მაიკლ იანსენი.