საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შესახებ“ სსიპ-ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2023 წლის 25 აგვისტოს N 4 ბრძანების შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების მიერ ფინანსური ანგარიშები წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის სახით) მითითებული ოფისის ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: documents@acb.gov.ge და ელექტრონული ფორმით (Excel) ამავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე ქვემოთ მოცემული გრაფიკის მიხედვით:
- საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე − 2024 წლის 19 სექტემბრამდე;
- საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე − 2024 წლის 10 ოქტომბრამდე;
- საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე - 2024 წლის 29 ოქტომბრამდე;
- საარჩევნო კამპანიის ფინანსური ანგარიში 2024 წლის 27 აგვისტოდან 26 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე − 2024 წლის 8 ნოემბრამდე იმ საარჩევნო სუბიექტების მიერ, რომლებმაც წინასწარი მონაცემებით მიიღეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობა.
- ინფორმაცია 2024 წლის 27 აგვისტოდან საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით - არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა აუდიტორული (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში წარადგინოს აუდიტორული დასკვნის გარეშე.
საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ბიუროს წარუდგინოს ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს, აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელი პირების (მმართველი და ბუღალტერი) საკონტაქტო მონაცემებს.
საარჩევნო კამპანიის ფონდი წარმოადგენს საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნილ ანგარიშს, საიდანაც ფინანსდება საარჩევნო კამპანია.
არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის მდგომარეობით, საარჩევნო სუბიექტის შემოსავალ-გასავალთან დაკავშირებული ტრანზაქციები უნდა განხორციელდეს მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ფონდიდან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: პოლიტიკური პარტიების ფინანსური მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ელ. ფოსტის მისამართი: documents@acb.gov.ge, info@acb.gov.ge
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ. N 11, +995 575 778 166.